ნაკანიმამასახლისი – ორი ფოტოგრაფის, მარი ნაკანის და გიორგი მამასახლისის გაერთიანება
ნაკანიმამასახლისი ორი შეყვარებული ადამიანის პროექტია, რომელთაც უყვართ ფოტოგრაფია და ერთმანეთთანაც ფოტოგრაფიამ დააკავშირა.
გიორგი მამასახლისი საქართველოში ფოტოგრაფიის პირველი ფაკულტეტის დამაარსებლის, ცნობილი ფოტოგრაფის, სანდრო მამასახლისის შვილია და, იმავდროულად, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის გამგრძელებელი. ფოტოგრაფიასთან ერთად მისი სამოღვაწეო არეალი ტელევიზიასაც მოიცავს, – წლების განმავლობაში ის არაერთი ტელეკომპანიის დამდგმელი ოპერატორი გახლდათ და მას შემდეგ თავის გამოცდილებას მომდევნო თაობებს უზიარებს.
მარი ნაკანი სახელგანთქმული ფოტოგრაფების გურამ წიბახაშვილის და ვატო წერეთლის მოსწავლეა. არის „Behance Portfolio Review „-ს გამარჯვებული ფოტოგრაფიაში, ჯიპას 2016 წლის საუკეთესო პედაგოგი. წლებია ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლასა და სამოდელო სააგენტო „Lookmodelsmanagement“-ში.
შეიძლება ითქვას, რომ მარი და გიორგი ქართული კომერციული ფოტოგრაფიის პიონერები არიან, სწორედ მათი ძალისხმევით გაჩნდა 90-იანი წლების ნაომარ, ნაცრისფერ თბილისში პირველი მხატვრული ბანერები, ლაით-ბოქსები, მაღალი ხარისხის ფოტოები ჟურნალებში. ამას მოჰყვა ფოტო და ვიდეო-რეკლამები, – სრულიად ახალი, ორიგინალური ხედვითა და სუნთქვით, ტექნიკით, რომელიც დიდწილად ორი ხელოვანის ექსპერიმენტებისა და ახლის ძიების შედეგი იყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
15 წლის არსებობის განმავლობაში ნიკანიმამასახლისის სტუდიამ აღიარება მოიპოვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. სტუდია პარტნიორობს ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორებიცაა: “საქართველოს ბანკი”, “მაკდონალდსი”, “ბორჯომი”, “სარაჯიშვილი”, “ჯეოსელი”, “თიბისი ბანკი”, “ტერა ბანკი“, “პროკრედიტ ბანკი”, “პაშა ბანკი” და სხვა. სტუდიას ნამუშევარი აქვს შემოქმედთა ისეთ ცნობილ ჯგუფთან, რომელშიც შედიან Andy García , Orhan Pamuk, ოთარ ჭილაძე, Keira Knightley, ლიკა ქავჟარაძე, Rupert Friend, Emmanuelle Chriqui, Gianluca Vacchi , დიმა ერისთავი და სხვა.
ნაკანიმამასახლისის პორტფელი მოიცავს სოციალურ პროექტებსაც: იყო გაეროს კეთილი ნების ელჩი; არაერთი პრესტიჟული ფოტოკონკურსის ჟიურის წევრი, მათ შორის „Martini Racing“-ის მილანში.
მარიმ და გიორგიმ გადაწყვიტეს, წლების განმავლობაში შეძენილი გამოცდილება მომავალი თაობის ფოტოგრაფებს გაუზიარონ, გადასცენ მათ ცოდნა და უნარები, რომელიც დაუღალავი შრომით დააგროვეს.
ნაკანიმამასახლისის ფოტოსკოლაში ვიზუალური ხელოვნება სრულიად ახალი მეთოდებით ისწავლება. ეს არის ალტერნატიული ხედვა, რომელიც დადასტურებულ და აღიარებულ პროფესიონალიზმზეა დაფუძნებული. სკოლაში მოღვაწეობს წამყვანი არტისტებისა და დიდი გამოცდილების მქონე შემოქმედთა გუნდი, რომლის მიზანია ასწავლოს არა მხოლოდ ფოტოგრაფია, არამედ შემოქმედებითი აზროვნება, გამბედაობა და ინდივიდუალიზმი. სკოლის მიზანია ფოტოგრაფიის, როგორც ცალკე მდგომი დარგის განვითარება საქართველოში .